ალექსანდრე ხვთისიაშვილი მოხსენებით წარსდგა მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე

18.07 2019 ნიუ-იორკი - გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის (UNDESA) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით,  მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ  გაიმართა დისკუსია  - „Connecting All towards Sustainable Development Goals: Optimizing the Development Impacts of the Belt and Road Initiative“.
 

ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების წარმატებულ მაგალითებზე, საერთაშორისო და მათ შორის, რეგიონალურ ფორმატებში ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ხაზი გაესვა, რომ 2019 წლის 22-23 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

დისკუსიის მსვლელობისას განხილულ იქნა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდა, უთანასწორობის შემცირება. ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების კუთხით ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში (Belt and Road Initiative) თანამშრომლობის მიმართულებებს. მათ შორის, აღინიშნა, რომ 21 ოქტომბერს UNDESA-ს და საქართველოს მთავრობის თანაორგანიზებით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გაიმართება რეგიონალური სამუშაო შეხვედრა.