ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

20.09.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლი იენთან.
 
მინისტრის მოადგილემ ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, მჭიდრო და ინტენსიურ ურთიერთობებს. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის განიხილეს საქართველოს და ჩინეთს შორის უკანასკნელ პერიოდში გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურისა და განათლების სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობა, ტურისტული ნაკადების მზარდი მაჩვენებელი და მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ვან ის მაისში გამართულ ვიზიტს თბილისში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ივლისში განხორციელებულ ვიზიტს ჩინეთში, რაც უკანასკნელ წლებში საქართველო-ჩინეთს შორის წარმატებული თანამშრომლობის მკაფიო დადასტურებაა.
 
შეხვედრისას ჩინურ მხარეს ეთხოვა, მ.წ. 22-23 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ ჩინეთის მხრიდან მონაწილე დელეგაციის შესახებ, შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში, ინფორმაციის მოწოდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ურყევი პოზიციის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარის ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი.
 
შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ ელჩის პირადი წვლილით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.