ალექსანდრე ხვთისიაშვილი უზბეკეთის ოლი მაჯლისის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

8.02.2019 უზბეკეთი- საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 2019 წლის 8 თებერვალს გაიმართა დელეგაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მაჯლისის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალიშერ კურმანოვთან.
 
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების ჩატარებას 2019 წლის განმავლობაში.
უზბეკეთის სენატი მიესალმება საქართველოსთან ყოვლისმომცველი ურთიერთობების განვითარებას და მზაობას გამოხატავს საქართველოს მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
 
8 თებერვალს ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, აბდულაზიზ აკულოვთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. უზბეკეთის მხარემ საქართველოს დელეგაციას გააცნო უზბეკეთში, ტურიზმის სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ ინფორმაცია. თავის მხრივ, საქართველოს მხარემ დააფიქსირა მზაობა მხარდაჭერა აღმოუჩინოს და გაუზიაროს უზბეკეთის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტს საკუთარი წარმატებული გამოცდილება ტურიზმის განვითარების დარგში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ისლამ ჟასიმოვს.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და მათი შედეგები; სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის არსებული ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები.

ისლამ ჟასიმოვმა ქართულ მხარეს გააცნო უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები და აღნიშნული უწყების მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისაკენ. თავის მხრივ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელსაც ფლობს საქართველო ბიზნესის განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის განვითარების კუთხით; აგრეთვე, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე, გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერისათვის მზადყოფნაზე, თანამშრომლობის განვითარების შესაძლო სფეროებზე და მიმართულებებზე, ერთობლივი საწარმოების შექმნაზე და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობაზე.