ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქმენეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან

20.05.2019 თურქმენეთი- აშხაბადში მიმდინარე თურქმენეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქმენეთის რიგ სამთავრობო სტრუქტურებში: ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში და სავაჭრო - სამრეწველო პალატაში.

აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ საუბრებში მხარეები ძირითადად შეეხნენ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებულ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს.

ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში შეხვედრისას აღინიშნა, რომ ტურისტებისათვის მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს „დიდი აბრეშუმის გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და თურქმენეთში კომპლექსური ტურების გამართვა. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადის გაზრდას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემდა თბილისსა და აშხაბადს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება. ქართულმა მხარემ გამოხატა სრული მზადყოფნა, რომ საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოცდილება გაუზიაროს თურქმენულ მხარეს.

ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში გამართული მოლაპარაკებებისას კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ადგილი აქვს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვის არსებით ზრდას. ამავე დროს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისათვის ჯერ კიდევ ბევრი გამოუყენებელი რესურსი არსებობს და ამ ეტაპზე ძირითად ამოცანას მათ ასამოქმედებლად რიგი კონკრეტული ღონისძიებების გატარება წარმოადგენს.

სავაჭრო - სამრეწველო პალატაში შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს სტრუქტურებს შორის კავშირების დამყარებაში, არსებული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაციების გავრცელებაში და, აქედან გამომდინარე, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.