„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლებთან

19.07.2017 თბილისი - „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლთა შეხვედრა გაიმართა. დისკუსიას მოდერაციას უწევდა  ვიცე პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ მიმართვაში საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და მის ეფექტურად განხორციელებაში სამოქალაქო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ რეგულარული ხასიათის შეხვედრების სახით საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფუძველი ჩაუყარა საჭირო ტრადიციას, რომელიც შემდგომშიც გაგრძელდება.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა საკუთარ გამოსვლაში სხვადასხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა დეზინფორმაციასა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიოში არსებულ  მიდგომებზე  და მოქალაქეებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული და ხელშესახები სარგებელის შესახებ საინფორმაციო კამპანიების წარმოების მნიშვნელობაზე.

ევროკავშირის წევრ და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს პოზიტიური იმიჯის დამკვიდრების პროცესში საზღვარგარეთის აკადემიური წრეებთან, სამეცნიერო ფონდებთან და კვლევით ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღბა  საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ სიხარულიძემ.

პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ხელმძღვანელმა ალექსი ალექსიშვილმა  ინოვატორული საექსპორტო პროდუქციის  შექმნის,  ევროკავშირის ბაზართან მაქსიმალურად დაახლოების, ბაზრების დივერსიფიკაციისა და სავაჭრო ურთიერთობების წახალისების ეფექტური გზების დასახვის შესახებ გაუზიარა მოსაზრებები დამსწრე საზოგადოებას.

საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილიმა ისაუბრა ქვეყნის ვეროპული ინტეგრაციის პროცესზე და ამ მიზნის ეფექტურად განხორციელებისთვის სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობაზე. ყურადღბა გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე და მის  ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პროგრესი და რეგიონში რეფორმების კუთხით ლიდერის როლი.