“ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ქართველი დიპლომატები ერთობლივი ოპერაციების ცენტრი მოინახულეს

21.07.2017 თბილისი - ​„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ქართველმა დიპლომატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი მოინახულეს. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა. 

ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს და საქართველოს საპატიო კონსულებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ. ქართველი დიპლომატები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, დამნაშავე პირების დროულად დადგენა-დაკავებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას, სატრანსპორტო ნაკადების მართვას, უტყუარი მტკიცებულებების მოპოვებას, ასევე, სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას უზრუნველყოფს.