„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საქმიანობა განიხილეს

20.07.2017 თბილისი - ​თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალი 2017“-ის მესამე დღე თემატურ და რეგიონულ სამუშაო შეხვედრებს ეთმობა. 

რიგით მეოთხე პანელის ერთ-ერთ სამუშაო სესიაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საკონსულო დეპარტამენტის ძირითადი პრიორიტეტული საკითხებია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და გაუმჯობესება, ახალი მექანიზმების დანერგვა, ორმხრივი საკანონმდებლო ბაზის განვითარება, კერძოდ მუშაობა წარიმართა უვიზო მიმოსვლის 16 შეთანხმებაზე.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო მიზნები, კერძოდ საკონსულო დაფარვის ზონის გაზრდის საკითხები, საპატიო კონსულების ინსტიტუტის კიდევ უფრო აქტიური გამოყენება, საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი/უვიზო გადაადგილების არეალის გაფართოების მიზნით აქტიური მუშაობის გაგრძელება და საკონსულო სისტემის თანამშრომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

აღნიშნულ სესიას მოდერატორობას უწევდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე.