აშშ-ის კონგრესში ნატოს დაარსების 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ რეზოლუციაში საქართველოს მხარდაჭერასა და ღია კარის პოლიტიკაზეა საუბარი

5.04.2019 ვაშინგტონი - ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან ერთად აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში 2019 წლის 3 აპრილს ნატოს დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით წარადგინა რეზოლუცია. დოკუმენტში, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ეძღვნება, საუბარია საქართველოსა და ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.
 
„ნატომ გასწია ძალისხმევა, რათა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესია, მის მიერ საქართველოსა და უკრაინაში უკანონო შეჭრის და ოკუპაციის საპასუხოდ. ნატო განაგრძობს ნატო-ში ევროპის ქვეყნების გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკას, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ევროპაში თავსიუფლების, დემოკრატიის, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“-ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
 
საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშრისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეულ ძალისხმევას კონგრესენმა კონოლიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროსაც. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მისი განცხადებით, ნატო მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას, რომლიდანაც ერთ-ერთი უკავშირდება კოლექტიურ თავდაცვას, ხოლო მეორე საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ განვითარებას, გამოხატვის თავისუფლებას, სამართლის უზრუნველყოფას და საქართველო სწორედ ასეთ ქვეყანას წარმოადგენს.