ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა,  სხვა მაღალი დონის სტუმრები და მედიიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.
 
ცერემონიის დასრულების შემდგომ, საქართველოს ელჩი პირველი საპატიო სტუმრის სტატუსით აღნიშნული რეისით გაემგზავრა თბილისში.
 
ზემოაღნიშნული პირველი რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ანკარაში საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შესრულდა პირდაპირი ავიამიმოსვლა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით.