საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა

04.09.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.  საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა სამუშაო სადილის ფორმატში გააგრძელეს საუბრი საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. 

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იაპონიის მთავრობას „კავკასიის ინიციატივისთვის“, რაც საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას მოიცავს.  მინისტრები შეეხნენ საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს და ამ მხრივ სხვადასხვა ინიციატივებს. აღინიშნა იაპონიის მნიშვნელოვანი როლი და დახმარება საქართველოს სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ხაზი გაესვა ქართველი და იაპონელი ხალხის მეგობრობას და იმ გულთბილ დამოკიდებულებას, რაც ორ ერს შორის არსებობს.  ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა  ქართველი სუმოისტების მოღვაწეობა იაპონიაში, რაც ხელს უწყობს კულტურათაშორის კავშირებს.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ორი ქვეყნის დაახლოებისთვის. სამუშაო სადილის ფორმატში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და იაპონიის  დელეგაციამ ქრთული ღვინო და ტრადიციული კერძები დააგემოვნა.