არგენტინაში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა თანამშრომლობის განვითარების დიდი შესაძლებლობები - დავით ზალკალიანი

21.03.2019 არგენტინა- „სიმბოლურია, რომ ჩვენი ვიზიტი არგენტინაში დაემთხვა არგენტინის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების 100 წლისთავს, არგენტინა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს  ჩვენ არგენტინასთან უკვე გვაქვს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობებისთვის ახალი განზომილების შეძენას” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა არგენტინელ კოლეგასთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. 
 
მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის ყველა ძირითად მიმართულებას, მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოიხატა არგენტინის დაინტერესება აქტიურად გამოიყენოს საქართველოს შესაძლებლობები რეგიონში წვდომის კუთხით. ისაუბრეს სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის ეფექტური გამოყენების შესახებ როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისთვის.   
 
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო  ლათინურ ამერიკაში შექმნილ ვითარებას,   ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პოზიციას.  
 
დავით ზალკალიანმა პოზიტიურად შეაფასა მისი შეხვედრები არგენტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ტურიზმის მინისტრთან. მისი თქმით, არგენტინასა და საქართველოს შორის არსებული  მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, რასაც ხელს უწყობს არსებული პოტენციალი.
 
„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო, გვქონდა საპარლამენტო დონეზეც შეხვედრა, პარლამენტის თავმჯდომარესთან განვიხილეთ საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები.
არგენტინის პარლამენტში არსებობს საქართველოს მეგობარი წევრების ჯგუფი, ისე, როგორც საქართველოს პარლამენტში, ჩვენ ველით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა საქართველოს.  ჩვენ წელს ასევე ველით საქართველოში არგენტინის ტურიზმის მინისტრის ვიზიტს, რაც კიდევ ერთი დადასტურება იქნება არგენტინასთან არსებული გამორჩეული ორმხრივი თანამშრომლობის”- განაცხადა ზაკალიანმა. 
 
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არგენტინასთან კულტურული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზეც ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ხალხთაშორისი ურთიერთობები, სპორტი და სხვ.
 
„მნიშვნელოვანია, რომ კულტურული თანამშრომლობის კუთხითაც ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული, საქართველოში ჩვენ გვაქვს ბუენოს-აირესის სახელობის სკვერი, თბილისის სახელობის სკვერის გახსნა იგეგმება ბუენოს-აირესში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს  საქართველოს ცნობადობის ამაღლებას. ვისაუბრეთ ასევე სპორტში თანამშრომლობაზე, ისეთი მიმართულებები როგორიცაა ფეხბურთი, რაგბი, საინტერესოა ორივე ქვეყნისთვის და  ამ შესაძლებლობებსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ” - აღნიშნა ზალკალიანმა. 
 
ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში 19-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით არგენტინაში იმყოფება.  დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაში“ , ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა ცალკეული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.