„არგენტინისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საერთაშორისო ჰაბი“ - არგენტინის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე

27.03.2018 არგენტინა - ​არგენტინაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არგენტინის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატას ეწვია, სადაც ის  საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარეს კორნელია შმიდტ ლიერმანს შეხვდა.

შეხვედრაზე ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „საელჩოს გახსნის დღიდან, უკვე ექვსი წელია, რაც საქართველოს არგენტინასთან შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები აკავშირებს  და ეს კავშირები დღითიდღე ძლიერდება“ .

პარლამენტარმა შმიდტმა აღნიშნა, რომ „არგენტინის პარლამენტს გააჩნია პოლიტიკური ნება იმისა, რომ არგენტინა კიდევ უფრო ღია გახდეს მსოფლიოსთვის“. მისი თქმით,  ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნებთან შექმნილი მეგობრობის ჯგუფების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამ კონტექსტში, ელჩმა დაადასტურა, რომ მისი სურვილია საქართველოსთანაც შეიქმნას მეგობრობის ჯგუფი. „გვინდა გავაძლიეროთ კავშირები არგენტინასთან  და ხელი შევუწყოთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების გზით. „საქართველო რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, გეოგრაფიული თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა და მას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია არგენტინისთვის“ - დასძინა ელჩმა.

ირაკლი ყურაშვილმა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობათა გაღრმავების პოტენციალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ღვინის წარმოება არის ის სფერო, რომელიც საქართველოსა და არგენტინას აერთიანებს. „საქართველო ღვინის აკვანია, არგენტინა კი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია“. ტურიზმზე საუბრისას, ყურაშვილმა განაცხადა, რომ „არგენტინა ძალზე პოპულარულია საქართველოში და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქართველი ჩადის ამ ქვეყნის მოსანახულებლად“.

შეხვედრის დასასრულს, დეპუტატმა შმიდტ ლიერმანმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატს ვიზიტისთვის და აღუთქვა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბებას.  მან ასევე დაადასტურა, რომ არგენტინა დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაფართოებით. „საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საერთაშორისო ჰაბი“ - დასძინა მან.