ასეთი სახის უპრეცედენტოდ მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო - ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიაში არ გვქონია - დავით ზალკალიანი

23.10.2019 ქ.თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უპრეცედენტო უწოდა საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 22 ოქტომბერს ერთხმად  დაამტკიცა.

„ეს მართლაც ყოვლისმომცველი აქტია და ის საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ტოლფასია. ზუსტად ასეთი სახის პარტნიორობა გვსურს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, და ეს დოკუმენტიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას  განსაზღვრავს“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-სთან უპრეცენდენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა  აკავშირებს, სწორედ ამიტომ, საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთი  ნაბიჯია  ამ განსაკუთრებული ურთიერთობების  განმტკიცებისათვის. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, იმ ფონზე რომ აშშ-ს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი  მრავალი სერიოზული საკითხითაა დახუნძლულია ,  აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ასეთი მაღალი დონის დოკუმენტის მიღება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილია და „ადასტურებს  თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ს თვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და ადასტურებს იმასაც, რომ საქართველოს  ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მოწინავე პოზიცია უკავია“
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა.

დემოკრატი კონგრესმენის, ჯერი კონოლის და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის მიერ ინიცირებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.