აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა საქართველოს მხარადჭერა გამოხატა საკომიტეტო სხდომაზე გამოსვლისას

14 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2019 წლის ევროპული ენერგოუსაფრთხოებისა და დივერსიფიცირების კანონპროექტი  (H.R. 1616 European Energy Security and Diversification Act of 2019) დაამტკიცა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკლ მაქკოლმა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი), კანონპროექტის თაობაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ეს კანონპროექტი ევროპული და ევრაზიის ქვეყნებისათვის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და შეამცირებს მათ დამოკიდებულებას რუსეთზე. ეს კანონპროექტი ასევე ხელახალ ავტორიზებას უკეთებს რუსეთის ზეგავლენასთან გასამკლავებლად ფონდს, რათა რუსეთის კიბერშეტევებისაგან დაიცვას უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა და საარჩევნო მექანიზმები, აღმოფხვრას კორუფცია და მხარი დაუჭიროს რუსეთის პირდაპირი თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყნებს - როგორიცაა საქართველო და უკრაინა. კანონპროექტი წარმოადგენს აშშ-ის სურვილის თაობაზე ძლიერ განაცხადს, რომ მეტი გააკეთოს ევროპის ენერგოდივერსიფიცირებისა და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, მის დასახმარებლად.“ - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკლი მაქკოლმა საკომიტეტო სხდომაზე გამოსვლისას.  

კონგრესმენების, ადამ კინზინგერის (რესპუბლიკელი-ილინოისი), ბილ კიტინგისა (დემოკრატი-მასაჩუსეტსის შტატი) და ბრაიან ფიტსპატრიკის (რესპუბლიკელი-პენსილვანიის შტატი) და ვინსენტე გონზალესის (დემოკრატი-ტეხასის შტატი) თანასპონსორობით 7 მარტს შეტანილი ზემოხსენებული კანონპროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს ევროპის ქვეყნებს მოიპოვონ ენერგოუსაფრთხოება. იგი ასევე ემსახურება ენერგოწყაროებისა  და ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიცირებას მთელს რეგიონში. ამ კანონპროექტით, კონგრესმენები მიზნად ისახავენ დაეხმაროს ევროპულ პარტნიორებს განავითარონ და დივერსიფიცირება გაუკეთონ მათ ენერგო წყაროებს, რაც გაზრდის ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებასა და მათ დაიცავს კრემლის ბოროტმოქმედებისაგან. კანონპროექტი აშშ-ის მიერ ევროპული ქვეყნების  დასახმარებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ენერგოსექტორში რუსეთის ზეგავლენის შესამცირებლად. კანონპროექტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, 2020 ფისკალური წლისათვის დაგეგმილია 79 მილიონ 500 ათასი დოლარის ოდენობის გამოყოფა.

მსგავსი შინაარსის კანონპროექტი (S. 704) სენატორებმა რონ ჯონსონმა (რესპუბლიკელი-ვისკონსინის შტატი), კრის მერფიმ (დემოკრატი-კონექტიკუტის შტატი), კორი გარდნერმა (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნეიუ ჰემპშირის შტატი), მარკო რუბიომ (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი) და ბენ კარდინმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი) 7 მარტს ასევე წარადგინეს აშშ-ის სენატში.  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებული ზემოხსენებული კანონპროექტის სრული ტექსტი იხილეთ დანართის სახით.