აშშ-ის კონგრესი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

22.05.2018 ქ. ვაშინგტონი - ​აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, კონგრესმენების თედ პოსა და ჯერი კონოლის თავჯდომარეობით, საელჩოსთან პარტნიორობით უმასპინძლა საქართველოს 100 წლის საიუბილეო მიღებას კონგრესში, რომელსაც კონგრესის წევრები და თანამშრომლები დაესწრნენ. 

მიღებას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც, მათ შორის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
 
სტუმრებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინია) და საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ. სპიკერებმა ხაზი გაუსვეს დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის საქართველოში მთელი თაობების თავდადებულ ბრძოლას და დღევანდელი თავისუფლების გასამყარებლად საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას.
 
კონგრესის რეიბურნის შენობაში გამართული მიღების ასზე მეტ სტუმარს საშუალება მიეცა გაცნობოდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ხანგრძლივ ისტორიას დარბაზში წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენით.
 
აშშ-ში საქართველოს საელჩო პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მაშტაბურად მთელი წლის მანძილზე აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებების ციკლი თავის პიკს მაისის თვეში აღწევს და მოიცავს რამდენიმე დიდ ღონისძიებას, მათ შორის ყოველწლიურ კონფერენციას, ამჯერად საიუბილეო თემაზე: “აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა: 100 წელი პირველი რესპუბლიკიდან” (U.S.-Georgia Strategic Partnership Conference: 100 Years since the First Republic), რომელსაც გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი ნენსი ლინდბორგი (Nancy Lindborg). პრემიერი ასევე გახსნის საქართველოს საელჩოს საიუბილეო საღამოს, რომელსაც 500მდე საელჩოს პარტნიორი სტუმარი დაესწრება.