აშშ-ის მხრიდან საქართველოს აქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა - დავით ზალკალიანი

14.08.2018 .თბილისი - „ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი კერძოდ იმ თვალსაზრისით, რომ მასში არის დებულება საქართველოს შესახებ. წინა წლებისგან განსხვავებით, ეს ნაწილი არის საკმაოდ მოცულობითი, შინაარსობრივად დატვირთული და ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების  მოკავშირის და პარტნიორის როლს.“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის განცხადებით  მნიშნველოვანია,  რომ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველო, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად,  განიხილება ევროპის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში.
დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა  აშშ-ის მხრიდან  საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილ წვლილსა და  იმ ფაქტს, რომ აშშ საქართველოს განიხილავს როგორც მისი ეროვნული ინტერესების ნაწილს. 

„აშშ-ის მხრიდან საქართველოს აქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიმართ. ასევე აშშ-ის კონგრესის მიმართ, სადაც ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა და საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.“ - აღნიშნა  საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტში  საუბარია ერთობლივი წვრთნების მეტ სიხშირეზე შავ ზღვასა და ხმელეთზე. ასევე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველოსთან ურთიერთობაზე და  საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობაზე.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ  საქართვლოზე საუბარია დოკუმენტის თავში, რომელსაც ეწოდება „რუსეთის აგრესიის შეკავება“. მისი  განცხადებით,  სწორედ ამ კონტექსტში განიხილება საქართველოსა და  უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს  აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აშშ-ს ეროვნული  თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისათვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს.  ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.