აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოში საქართველოს დღეები გაიმართება

24.04.2017 - ​24-27 აპრილს, აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქ. სან-დიეგოში გაიმართება საქართველოს დღეები. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ცალკეული შეხვედრები და აქტივობები. 

კერძოდ სან-დიეგოს მერიაში ხელი მოეწერება სან-დიეგოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ შეთანხმებას. ასევე, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები სან-დიეგოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტის მალკოლმ ლავის სახელობის ბიბლიოთეკაში, გაიხსნება საქართველოს ფლიგელი.
 
სან-დიეგოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრებენ საქართველოში არსებული ბიზნეს-კლიმატისა და, ამ კუთხით, ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ, აგრეთვე, კულტურისა და მემკვიდრეობის თაობაზე.
 
სან-დიეგოში მიმდინარე საქართველოს დღეებში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია.