აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ გაიმართა მოსმენა, თემაზე - „რუსეთის მზარდი სამხედო საფრთხე ევროპისთვის: გამოწვევების შეფასება და მათთან გამკლავება“

17 მაისს, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ გაიმართა მოსმენა, თემაზე - „რუსეთის მზარდი სამხედო საფრთხე ევროპისთვის: გამოწვევების შეფასება და მათთან გამკლავება“, რომელზეც მოხსენებით წარსდგნენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი, ბრუკინგსის ინსტიტუტის შეიარაღებაზე კონტროლისა და გაუვრცელებლობის  ინიციატივის დირექტორი, სტივენ ფაიფერი და „Podesta Group“-ის ხელმძღვანელი, სტივენ რედემეიკერი.

მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის წევრებმა და მომხსენებლებმა რუსეთის აგრესიასთან გამკლავების გზების, აღნიშნული აგრესიის შესაძლო მიზნებსა და  რუსულ მედია-პროპაგანდასთან გამკლავების გზებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სენატორმა უიკერმა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევაზე საუბრისას, აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტი. მაიკ კარპენტერმა რუსეთის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტების ჩამოთვლისას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების უგულებელყოფის, ხოლო რუსეთის პროპაგანდაზე საუბრისას, საქართველოს მაგალითები დაასახელა. სტივენ რედემეიკერმა 2007 წელს რუსეთის მიერ ევროპაში კონვენციური შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეწყვეტის მიზეზების ჩამოთვლისას, ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის მიზნით, საქართველოს მიერ აღნიშნული ხელშეკრულების გამოყენება დაასახელა. მანვე რუსული მხარის მიერ „ღია ცის შესახებ ხელშეკრულების“ დარღვევის ფაქტებზე საუბრისას, კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაფრენის აკრძალვის ფაქტი მოიყვანა მაგალითად, ხოლო რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაზე საუბრისას, ნატოს ფაქტორს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კრემლისთვის ნატოს წევრობა გარკვეულ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს.  სენატორმა რუბიომ რუსეთის მიერ ელექტრონული და ასიმეტრიული საბრძოლო მეთოდების გამოყენების ხაზგასასმელად, აღნიშნა საქართველოში 2007-08 წლებში დაფიქსირებული კიბერ-შეტევები. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ სენატორმა კარდინმა რუსეთის მიერ ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულებების დარღვევის აღწერისას, ერთ-ერთ მაგალითად კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა დაასახელა.

მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის წევრებმა და მომხსენებლებმა ასევე განიხილეს კრემლის მიზნები უკრაინასთან მიმართებით; რუსეთის მიერ ევროპაში კონვენციური შეიარაღების შესახებ/ღია ცის შესახებ/საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების შესახებ ხელშეკრულებების დარღვევის ფაქტები; რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობა; აშშ-ს მიერ უკრაინისათვის შეიარაღების გადაცემის მიზანშეწონილობა; „მაგნიცკის აქტში“ რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრების დამატება; რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამა და მისი ფინანსური მხარდაჭერა; რუსეთის მიერ S-300-ისა და Iskander-ის ტიპის შეიარაღების განთავსება კალინინგრადის ოლქში და მათი გადაცემა ბელარუსისა და სომხეთისათვის.

აშშ-ს კონგრესთან არსებული ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია (ჰელსინკის კომისია) მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ.-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთოს  და ეუთოს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.

მომხსენებელთა გამოსვლის სრული ტექსტები და ვიდეო-ჩანაწერი, იხილეთ: https://www.csce.gov/international-impact/events/growing-russian-military-threat-europe