აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის დეკლარაცია

დღეს, 2019 წლის 11 ივნისს, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მეათე წლისთავის აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ადასტურებენ ერთგულებას სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის მთავარი პრინციპების მიმართ.

2009 წლიდან აშშ და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ერთად გაიღეს მსხვერპლი ერაყსა და ავღანეთში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში, რაც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია. აშშ მიესალმება და განაგრძობს  საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას.  

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერ და მდგრად საქართველოს ყველაზე უკეთ შეუძლია რუსეთის აგრესიული ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა საქართველოს ჰყავდეს ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ ტერიტორიის დაცვას, აგრესიის შეკავებას და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობას. საქართველოს უფლება აქვს თავად აირჩიოს პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში. აშშ მხარს უჭერს 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ და 2018 წელს, ბრიუსელის სამიტზე დადასტურებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს წევრობისთვის მზადების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთგულნი რჩებიან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს რუსული ძალების გაყვანას 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ მდგრადი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს განვითარებისა და უცხოურ მავნე ზემოქმედებასთან გასამკლავებლად. მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ხელი შევუწყოთ უფრო დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, უზრუნველვყოთ თანაბარი თამაშის წესები და ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ არჩევნებს, განვამტკიცოთ მედია-პლურალიზმი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ კონტროლისა და ბალანსის სისტემა, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებზე და საქართველოს გავუზიაროთ საპარლამენტო ზედამხედველობის შესაბამისი, საუკეთესო პრაქტიკა.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ კეთილდღეობა დამოკიდებულია სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე, განვითარების მოწინავე პრაქტიკაზე დაფუძნებულ ღია საინვესტიციო კლიმატზე და პროდუქტების, ენერგიის, სერვისების თავისუფალ მიმოქცევაზე. ვგეგმავთ ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაზრდას, საერთაშორისოდ დამკვიდრებული ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას და მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გააფართოვოს რეგიონული კავშირები, გააძლიეროს ენერგოუსაფრთხოება და გახდეს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი.

ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები ეკონომიკური პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაფართოებლად, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ეგიდით წარმოებული ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის (HLTID) ფორმატში სხვადასხვა გზების განხილვის გზით.

აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ხალხთა შორის კონტაქტები ამყარებს ჩვენს ურთიერთგაგებას და დამატებით ამდიდრებს ჩვენს კულტურებს. ვგეგმავთ, საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო კავშირების განმტკიცებას, ჩვენი მოსახლეობის დაცვას მზარდი, მავნე პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან და ერთად მოქმედებას იმ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსული ოკუპაციის მიერ დაყოფილ თემებს შორის კავშირების განმტკიცებისკენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

აშშ და საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებენ ორმხრივი პარტნიორობისადმი ერთგულებას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება და სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.