აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 24 იანვარს, ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირინე აბულაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან - სახელმწიდო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საკითხებში, ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე, ალექსანდრე სოკოლოვსკი.


სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სპორტის,  სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.  

ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის ურთულესი საცხოვრებელი პირობების და მათ გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შესახებ, განათლების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში ინსტიტუციური გაძლიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ.“
შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნულ სფეროებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამერიკელი ხალხისა და აშშ-ის მთავრობის (მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC)) მხარდაჭერა ზემოხსენებული მიმართულებებით და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება.


აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, გაზარდოს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები პირების ჩართულობა და სხვადასხვა მომსახურებებისა და სიკეთეების მათზე განვრცობის შესაძლებლობა. აშშ-ის მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და რეფორმების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ღია და გულახდილი კომუნიკაციისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და აშშ-ის სტრეატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავების აუცილებლობა.  

ასევე, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს სტარტეგული პარტნიორობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და  თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტულ გზებზე.

მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება და უსაფრთხოების  გარემო. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აშშ-ის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.