აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

29.03.2019 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებმა. 
 
შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე. აშშ-ის მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საკითხებში ალიშა ვუდვარდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიებლერი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს ვილსონი.
 
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობის ჩართულობის საკითხები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები.
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის განათლების ახალი ეროვნული კონცეფციისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ისაუბრა განათლების რეფორმის მიზნებზე და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ძირეული ცვლილებები მიზნად ისახავს მოქნილი, თანამედროვე და ხარისხიანი განათლების სისტემის უზრუნველყოფას. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს განათლების სფეროს ყველა დონეზე რეფორმების გატარების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განხორციელებული პროექტები და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით შემდგომშიც გაგრძელდება.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის მხარე და, მათ შორის, საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს განათლების სისტემის სტუდენტებზე და ხარისხიანი სწავლების მოდელზე ორიენტირებულ სისტემაზე ტრანსფორმაცია, რომელიც ფოკუსირებული იქნება კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავებაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პროფესიული განათლების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე, გაცვლითი პროგრამების და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენების გზით.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. აშშ-ის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ქმედებების თაობაზე. ინფორმაცია მთავრობის საქმიანობის შესახებ ამერიკელ კოლეგებს გააცნო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან აბაშიძემ. თავის მხრივ, აშშ-ის მხარემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მთავრობის ძალისხმევისადმი, გაზარდოს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები პირების ჩართულობა და სხვადასხვა მომსახურებებისა და სიკეთეების მათზე განვრცობის შესაძლებლობა. მხარეებმა მხარდაჭერა გამოხატეს ნდობის აღდგენის ღონისძიებების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას, მშვიდობის დამყარებასა და შერიგების მიმართულებით პროგრესის მიღწევას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხალხთაშორისი ჩართულობა ღირებული და მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შერიგების პროცესის წინსვლისათვის.
 
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა ისეთ გამოწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებას ყველა სახელისუფლებლო სტრუქტურაში. მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობები  და კონკრეტული გეგმები.
 
განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ჯანდაცვის სფერო წარმოადგენდა. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სერვისებისა და ჯანდაცვის სექტორის რეფორმების გზაზე მიღწეულ პროგრესს. აშშ-მა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს აქტიური ჩართულობის გამო ,,გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების დღის წესრიგის“ ინიციატივაში და მადლიერება გამოხატა ამ კუთხით მრავალწლიან პარტნიორობასთან დაკავშირებით. აღინიშნა C ჰეპატიტის ელიმინაციის საქმეში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ისეთი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობისაკენ. საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების განხორციელების საკითხებს ქართულ და ამერიკულ ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზაციებს შორის.
 
შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.