აშშ-ში საქართველოს საელჩომ საქართველოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წინამძღოლთა დელეგაციას უმასპინძლა

აშშ-ში საქართველოს საელჩომ  საქართველოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წინამძღოლთა დელეგაციას უმასპინძლა, რომლებიც აშშ-ს 24-28 ნოემბერს სტუმრობდნენ. საელჩოში გამართული მიღების ფარგლებში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა ისტორიულად შეაფასეს ვაშინგტონში განხორციელებული ვიზიტი და აღნიშნეს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ვიზიტს გამოცდილების გაზიარების, შეხედულებათა ურთიერთგაცვლის, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის ადგილზე მიღების და კულტურათაშორისი დიალოგის მიმართულებით. 

საელჩოში მიღების ფარგლებში ელჩი მიესალმა დელეგაციის მონაწილეებს, მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს საქმიანობისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დინამიკაზე. აღსანიშნავია, რომ აშშ-სპირველად ესტუმრა საქართველოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წინამძღოლთა დელეგაცია, რომელის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები. 

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა აკადემიური, სახელმწიფო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, შერონ ჰადსონ დინთან; სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწესთან ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასადა ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის განხრით, ტომას მელიასთან; საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩთან რიჩარდ მაილსთან; საზღვაო ქვეითების მთავარ კაპელან, ვიცე-ადმირალ ბრენთ სკოტთან და სხვა წარმომადგენლებთან.

28 ნოემბერს, სასულიერო პირების ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენცია თემაზე: რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა. NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) მასპინძლობით მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს რელიგიურმა ლიდერებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

ვიზიტის ფარგლებში სასულიერო პირებმა მოინახულეს ვაშინგტონის ღირსშესანიშნაობები, ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტსა და ლინკოლნის მემორიალს. ვიზიტი ისტორიულად შეაფასეს თავად მონაწილეებმა, აღნიშნეს რომ მსგავსი გამოცდილების, შეხედულებათა ურთიერთგაცვლის, პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის ნათლად ხილვისა და საკუთარი ქვეყნის მრავალრელიგიური ხანგრძლივი თანაარსებობის ამერიკელ პარტნიორებთან გაზიარების მნიშვნელობა.

ვიზიტი დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ორგანიზებით განხორციელდა. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED), საქართველოს საელჩო აშშ-ში, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.