აშშ-სთან ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა - დავით ზალკალიანი

17.10.2019 ქ. თბილისი - დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები დღესდღეობით უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო სარგებლობს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორპარტიული მხარდაჭერით, რაც გასული პერიოდის განმავლობაში აისახა, როგორც  უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკით, ასევე, აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტებით; მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც თავისი შინაარსით მნიშვნელოვანი დოკუმენტია  და განსაზღვრავს თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს ყველა მიმართულებით.
 
მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის (“Georgia Support Act”) კონგრესში   წარდგენა. კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. მისი თემით აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (Consolidated Appropriations Act) მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით,
ასევე წელს, აქტით საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხამ 127 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას 22 მლნ. აშშ დოლარით აღემატება. გაზრდილი დაფინანსება ცალსახად ხაზს უსვამს აშშ-სთვის საქართველოს მნიშვნელობას და მხარდაჭერას, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყნისა და აშშ-ის მტკიცე მოკავშირისადმი. მისი განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს  თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.
 
დავით ზალკალიანის  განცხადებით აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში. პრიორიტეტულია აშშ-სთან სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება.