„ასოცირების შესახებ შეთანხმების ქმედითი განხორციელება წარმოადგენს მთავრობის პრიორიტეტს“ - ნატალი საბანაძე

23.01.2018 ბრიუსელი - „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, ხელმოწერა   წარმოადგენს საქათველოს პოლიტიკური არჩევნის - ევროკავშირში თანმიმდევრული ინტეგრაციის - ყველაზე ნათელ და კონკრეტულ მანიფესტაციას. ასე რომ, სავსებით ლოგიკურია ის, რომ ასოცირების შეთანხმების,   ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ქმედითი განხორციელება წარმოადგენს მთავრობის პრიორიტეტს“ - ამის შესახებ ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ ევროპარლამენტის საგარეო ვაჭრობის კომიტეტში განაცხადა, სადაც სამ ასოცირებულ პარტნიორთან საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან DCFTA-ის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა.

ელჩის განცხადებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ 2014-2017 წლებში  მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროკავშირთან ვაჭრობის გაძლიერებას. როგორც ნატალი საბანაძემ აღნიშნა, ამ პერიოდში,  ქართული პროდუქციის წილი ევროკავშირის ბაზრებზე გაიზარდა, ასევე  გამოჩნდა ახალი პროდუქციაც. ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქციის - თაფლის, შავი ზღვის თევზის და სხვა პროდუქტების გამოჩენას. 

დიპლომატის განცხადებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, სასურსათო უსაფრთხოების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ევროკავშირის 72 საკანონმდებლო აქტთან,  რამაც, მისი თქმით, შესაძლებელი გახადა სასურსათო უსაფრთხოებისა და მცენარეთა და ცხოველთა დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფა.

ნატალი საბანაძემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე მეწარმეებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სარგებლისა და სიკეთეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ამ კუთხით ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ პორტალს www.dcfta.gov.ge,  სადაც განთავსებულია ყველა სახის სასარგებლო ინფორმაცია და საკანონმდებლო აქტები, მათ შორის  მცირე მეწარმეებისთვის.

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, საქართველო ქვეყნების პირველ ათეულშია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კანონის უზენაესობის მაჩვენებელიც. რაც შეეხება სასამართლოს სისტემას, ჩვენ ფუნდამენტური სტრუქტურული რეფორმები გავატარეთ, თუმცა სრულყოფამდე ამ რეფორმებს დრო სჭირდება“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.