ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმირების მხარდაჭერა დაადასტურა

17.04.2018 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA)  გენერალურ  დირექტორთან, იუკია ამანოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა  განიხილეს მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით სააგენტოს როლი და საქმიანობა. ამასთან, ისაუბრეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

გენერალურმა დირექტორმა ქართულ მხარეს დაუდასტურა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულების რეფორმირების მხარდაჭერა და სააგენტოს ინტერესი გრძელვადიანი თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.  

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს  გენერალური  დირექტორი საქართველოს  16-18 აპრილს სტუმრობს.