ავსტრალიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

6.06.2019 ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ  კანბერის სახელგანთქმულთანამეგობრობის კლუბში“, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი დოლიძემ და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსმა, ლინდალ საქსმა.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობასა და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავზე და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებზე და გატარებულ რეფორმებზე. გიორგი დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას და ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივიებს. საქართველოს ელჩმა ისაუბრა აგრეთვე  საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის,  კერძოდ, ქართული მეღვინეობისა და პოლიფონიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე. გამოსვლის დასასრულს გიორგი დოლიძემ საქართველო-ავსტრალიის მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და მადლობა გადაუხადა ავსტრალიურ მხარეს საქართველოს გამორჩეული მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა  ქ. კანბერის ავსტრალიელებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა გუნდმა - “Worldly Goods”.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ავსტრალიის სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მას-მედიის, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და თანამემამულეები.