ავსტრალიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

30.05.2018 ქ.კანბერა -  ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ. მან ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობაზე და საქართველო-ავსტრალიის მჭიდრო ურთიერთობებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მან მადლობა გადაუხადა ავსტრალიურ მხარეს საქართველოს გამორჩეული მხარდაჭერისათვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსმა, ლინდალ საქსმა.

საღამო  ქართული მრავალხმიანი სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა. ქართული ხალხური სიმღერები სპეციალურად ამ საღამოსთვის მოწვეულმა ქართველებისა და ავსტრალიელებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა ანსამბლმა - „მელბურნის ქართული გუნდი“ შეასრულა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ავსტრალიის სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მას-მედიის, ბიზნეს წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და თანამემამულეები. მიღებას, ასევე, დაესწრო საქართველოს საპატიო კონსული ავსტრალიაში (ქ. მელბურნი, ვიქტორიის შტატი), პიტერ მაკმალენი.

მიღების ფარგლებში,  წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ქართული ანბანის ამსახველი ფოტო-გამოფენები.