ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

2019 წლის 4 ივნისს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღებას. ღონისძიება საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ავსტრიაში მოღვაწე  ქართველმა ხელოვანებმა პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა და სოპრანო მადინა კარბელმა შეასრულეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ავსტრიის რესპუბლიკაში  საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ  და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დირექტორმა კატარინა ვიზერმა.

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ავსტრიის ისტორიულ პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებზე, ხაზი გაუსვეს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკასა და არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ  ავსტრიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, ავსტრიაში  აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, კულტურის, აკადემიური წრეების, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.