აზერბაიჯანში ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვოკალისტთა გალა-კონცერტი გაიმართა

11.02.2019 აზერბაიჯანი-   საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბაქოს სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვოკალისტთა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკალური თეატრისა და კვარტეტის „ნოტა“ მომღერლები. ქართველმა ვოკალისტებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი რეპერტუარი, როგორც საოპერო ხელოვნების ნიმუშები, ასევე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების თანამედროვე კომპოზიციები.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. ელჩმა  ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას მრავალრიცხოვანი კულტურული სახის ღონისძიებების ორგანიზების მიზნით ორივე ქვეყანაში.
 
ქართველი ვოკალისტების შესრულებულ სიმღერებს დიდი მოწონებით შეხვდა აზერბაიჯანული პუბლიკა.
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიწვევით, გალა-კონცერტს ესწრებოდნენ ქ. ბაქოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები.