აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

30.05.2019 ბაქო - აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმროს „Hyatt Regency Baku“ ღია ტერასაზე საქართველოს ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი მიღება გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურული წრეების, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს-სტრუქტურების, ტურისტული კომპანიების, ქართული დიასპორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ ოქტაი ასადოვმა.

მიღების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა ფართო კულტურული პროგრამით. გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახის ნობათის პრეზენტაცია, „ქართული ღვინის ფესტივალი“ და ქართული ტრადიციული სამზარეულოს დეგუსტაცია. ცალკე სტენდით იყო წარმოდგენილი საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, მოწყობილი იყო თემატური ექსპოზიციები და ნაჩვენები იქნა ვიდეო-რგოლები ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სფეროს სულ უფრო მზარდი პოტენციალის შესახებ.