აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებში

21.05.2019 აზერბაიჯანი- აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ქვეყანაში ევროკავშირის სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან ერთად,  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მე -10 საიუბილეო წლისთავთან დაკავშირებით,   ქ. მინგეჩაურს ეწვია.

„ევროპის დღეებისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები საერთო სახალხო ზეიმის ხასიათს ატარებდა. ღონისძებების ფარგლებში ზურაბ პატარაძემ მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში და ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისა და ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. მან აგრეთვე მიმოიხილა სხვადასხვა სახის მიმდინარე პროექტები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფორმატებში და ხაზგასმით აღნიშნა წარმატებები, რომლებსაც საქართველომ მიაღწია აღნიშნული ფორმატის ფარგლებში.

„ევროპის დღეებისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანში უკრაინისა და მოლდოვას დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.