ბაქოში საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019“ გაიხსნა

16.05.2019 აზერბაიჯანი-  ქ. ბაქოში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019“, რომელზეც წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყნის 200-მდე კომპანიის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, აგრარულ სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები.
 
გამოფენაზე ცალკე ექსპოზიცია დაეთმო საქართველოს, სადაც წარმოდგენელია 11 ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები და ნუგბარი.
 
გამოფენის პირველივე დღეს, საერთაშორისო ექსპოზიციას ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მან პირადად მოინახულა საქართველოს ექსპოზიცია და გაეცნო ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა „ვეფხისტყაოსნის“ ექსკლუზიური გამოცემა.
 
გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიების წარმომადგენლები.