ბათუმის კონფერენციის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპექტივებზე სესიის „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ იმსჯელეს

11.07.2019 ქ. ბათუმი - ​ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მეორე სესია მიეძღვნა თემას - „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“, რომლის მოდერატორი იყო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და უფროსი მრჩეველი, სტივენ ბლოკმანსი.

თემატურ პანელზე მომხსენებლებმა იმსჯელეს „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივაზე, სამომავლო წევრობის პერსპექტივებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა ზოგადად  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა ეს ინიციატივა დაეხმარა საქართველოს ტრანსფორმაციასა და მოდერნიზაციაში, მისი თქმით დღეს საქართველო არის ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორი. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით აღნიშნული პროექტი ეხმარება საქართველოს ევროპასთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაში. „საქართველოს შესანიშნავი მიღწევები აქვს, თუმცა ეს არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენი საბოლოო მიზანი, უკვე გაცხადებულია, რაც წარმოადგენს სრულფასოვან ინტეგრაციას და ევროკავშირის წევრობას. თუმცა ჩვენ ვიაზრებთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი“ - აღნიშნა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის ხედვა ევროკავშირში ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

სერბეთის რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო სერბეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე. მისი განცხადებით კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა და სერბეთის რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციის სამინისტროებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი ევროინტეგრაციის საკითხებზე, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ევროინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ევროკავშირის გზაზე წარმატებული სვლის მიმართულებით.​

უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნგრეთი მიეკუთვნება იმ ქვეყნების მცირე ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირის სწრაფ გაფართოებას -  „რაც მეტნი ვარ, მით უფრო ძლიერები ვართ“- აღნიშნა მინისტრმა. როგორც მან განმარტა უნგრეთი აქტიურად მუშაობს, როგორც გაფართოების საკითხებზე ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის ხელშესახები შედეგებისთვის. ამავე სესიაზე პლენალურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა აუდუნ ჰალვორსენმა.