ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია დავით ზალკალიანმა შემაჯამებელი სიტყვით დახურა

12.07.2019 ქ. ბათუმი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად შემაჯამებელი სიტყვით დახურა.

მან მადლობა გადაუხადა როგორც სესიების მომხსენებლებს და მოდერატორებს, ასევე კონფერენციის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის. მინისტრის თქმით, ბოლო ორი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, განსაკუთრებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებასთან დაკავშირებით იდეების გაცვლის კუთხით. დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს ხედვას იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2020 წლის შემდეგ, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ასახული კონფერენციის ფარგლებში გაჟღერებული იდეები და ინიციატივები.
 
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ 11-12 ივლისს გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩეოდა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირებმა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. ​