ბელარუსის რესპუბლიკაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

27.02.2019 ბელარუსი - ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლბიანი ელჩი ვალერი კვარაცხელია და კონსული დავით კურტანიძე მინსკში მოქმედ ქართულ  საკვირაო სკოლებს ესტუმრნენ. ქართველმა დიპლომატებმა სკოლის მოსწავლეებს გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სკოლებისთვის სპეციალურად შექმნილი სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოები, რომლებიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.

ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში  დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რაც უწყებას გააჩნია  საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა  საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის  ქართული ენის სწავლების  ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.