ბელარუსში 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 ბელარუსი- 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ მმართველობის აკადემიაში საჯარო ლექცია წაიკითხა. ელჩმა დეტალურად გაიხსენა 30 წლის წინ თბილისში განვითარებული მოვლენები, რა დროსაც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალის ნაწილებმა სასტიკად დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია.

ელჩმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკის დაარსებისა და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაზე, რომლის 100 წლის იუბილეც სულ ახლახანს აღინიშნა.

ვალერი კვარაცხელიამ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის შესახებ. ასევე, მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ამ და სხვა მიმართულებით ქვეყანაში გატარებული რეფორმებისა და საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

პრეზენტაციის შემდეგ საჯარო შეხვედრა გაგრძელდა კითხვა პასუხის რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოში გატარებულმა წარმატებულმა რეფორმებმა - განსაკუთრებით კი პოლიციის, კარგი მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

ლექციის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა აკადემიის რექტორთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აკადემიის პრორექტორი, საერთაშორისო თანამშომლობის მიმართულების ხელმძღვანელი და საელჩოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილებოდა მხარეებს შორის მომავალი თანამშრომლობა, მათ შორის ახლო მომავალში სხვა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების საკითხი.