ბელგიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

26.09.2017 ბელგია - 26 სექტემბერს, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეგმონტის სასახლეში აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ და ცენტრალური აზიის 11 სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოსთან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღნიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბელგიის სამეფოში აკრედიტებულმა ზემოაღნიშნული სახელმწიფოების ელჩებმა. ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველო-ბელგიის ურთიერთობის ისტორიაზე, რომელიც 25 წელს  აღემატება. ამ კონტექსტში, მან  ხაზი გაუსვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მმართველობის დროს ცნობილი ბელგიელი პოლიტიკოსების ემილ ვანდერველდეს, ლუის დებრუკერის და კამილ ჰუისმანსის საქართველოში ვიზიტს, რომლებმაც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში მყოფ საქართველოს „ბოლშევიზმის ანტითეზისი“ უწოდეს.

საქართველოსა და ბელგიას შორის პოლიტიკურ სოლიდარობაზე საუბრისას, ელჩმა ხაზი გაუსვა ბელგიის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან, ასევე მადლობა გადაუხადა ბელგიის სახელმწიფოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ხელშეწყობისთვის, ისევე, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს ყოველწლიური რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

ნატალი საბანაძემ ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ საგანმანთლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის ისტორიაზე. ამ კონტექსტში, მან დაასახელა ის გამოჩენილი პირები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოსა და ბელგიას შორის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო კავშირების განმტკიცებაში. მათ შორის, ნიკოლოზ ყიფიანი (ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი და ქალთა უფლებების დამცველი) და ბერნარდ კული (ლუვენის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველოლოგი).

საქართველო-ბელგიას შორის კულტურულ კავშირებზე საუბრისას, ელჩმა ხაზი გაუსვა ანტვერპენის სამეფო ოპერაში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის როლს ამ ორი ქვეყნის კულტურული დაახლოვების პროცესში.

გამოსვლის დასასრულს, ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური სოლიდარობა, ეკონომიკური ინტერესები და ადამიანური კავშირები საქართველო-ბელგიის მეგობრობის მყარ საფუძველს წარმოადგენს და იმედი გამოთქვა, რომ ეს მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება და მეტ მრავალფეროვნებას შეიძენს.

კონფერენციის დასასრულს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსმა ბელგიასა და ზემოაღნიშნულ 11 სახელმწიფოს შორის არსებულ მნიშვნელოვან ისტორიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირზე ისაუბრა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.