ბერლინში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე აღნიშნეს

04.07.2018 ქ. ბერლინი - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ბერლინში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მაყურებლის წინაშე წარსდგა ინგლოშტადის ქართული კამერული ორკესტრი.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
 
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველო-გერმანიის ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობაზე, რომელსაც მისი განცხადებით ღრმა ფესვები აქვს და თანამედროვე პერიოდშიც გრძელდება. მისი თქმით საქართველო და გერმანია მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გერმანია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველი იყო და ამ მხარდაჭერას დღესაც განაგრძობს. „ამ პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საქართველოს ტრანსფორმაციისა და განვითარების მიმართულებით სანიმუშოა“-აღნიშნა ზალკალიანმა.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა საქართველოს ევროპული არჩევანის შეუქცევადობას ხაზი და ისაუბრა ამ მიმართულებით გერმანიის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებაზე, დავით ზალკალიანის თქმით გერმანია დღემდე რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ჩატარება და მის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, რისი საზეიმო დაგვირგვინებაც იქნება ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.
​