ბიშკეკში საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

15.10.2018 ყირგიზეთი-  ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ქ. ბიშკეკში  გაიმართორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ხოლო ყირგიზეთის დელეგაციას - ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნურლან აბდრახმანოვი.
 
 
ვიზიტის ფარგლებში, 15 ოქტომბერს შედგა საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან და ყირგიზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან.
 
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის აქამდე არსებული ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ ასპექტებში და შეთანხმდნენ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
 
მხარეები ასევე შეთანხმდნენ მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის ჩატარების დროსა და ადგილზე, სექტორული თანამშრომლობის მიმართულებით სამუშაო ჯგუფების შექმნასა და გამოცდილების გაზიარებაზე, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და დინამიკაზე, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის დამეგობრებისა და ურთიერთობების განვითარებისათვის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებაზე.
 
ყირგიზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს საქართველოს დელეგაციამ გააცნო საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერიპეტიები, საინვესტიციო პოტენციალი და ინფორმაცია საქართველოსა და ეკონომიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებზე.
 
საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებას და ურთიერთმხარდაჭერის საკითხებს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.