ბოლო პერიოდის აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია - დავით ზალკალიანი

17.10.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდი იყო ძალიან დატვირთული  განხორციელდა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტები, ასევე  საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს. 

მინისტრმა ამ მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მოწვევით ქ.ბათუმში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) მეხუთე ვიზიტზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ნატოსა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

ამასთან დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრამდე NAC-ის ვიზიტის გამართვა იმის მანიშნებელი იყო რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, და რომ ის ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია. ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოკავშირეები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ დემოკრატიისა და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს. მინისტრის განცხადებით უაღრესად წარმატებული იყო ნატოს ბრიუსელის სამიტი, რომლის ფარგლებში გაიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.

აღნიშნული შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს და ხაზს უსვამს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. როგორც სამიტის დასკვნით დოკუმენტში, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივ დეკლარაციაში ალიანსის მხრიდან გამოხატულია საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ასევე, სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, დაისახა და შეთანხმდა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და გადაწყდა საქართველოსა და შავ ზღვაზე მოქმედ ნატო-ს საზღვაო დაჯგუფებას შორის ურთიერთობის გაღრმავება;

დავით ზალკალიანის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა, დეკემბერში ქ. ლონდონში დაგეგმილ ლიდერთა შეხვედრის პარალელურად, ატლანტიკური საბჭოს, გლობსეკის და მიუნხენის საერთაშორის კონფერენციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობის მისაღებად.​