ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

30.05.2019 ბრაზილია - ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებას ქვეყნის ეროვნული კონგრესის, აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით  ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ მიმართა. ელჩმა საკუთარ სიტყვაში საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომლის მსვლელობისას, მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორია, ქართული მეღვინეობის კულტურა და ღვინის უნიკალური სახეობები გააცნეს.