ბრიუსელში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა გაიმართა

 
12.04.2019 ბელგია-ქ. ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს 2019 წლის 13 მაისს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის და 14 მაისს ქ. ბრიუსელში პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნავი მაღალი დონის კონფერენციისთვის მოსამზადებელი საკითხები.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე  „20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გაწერილი მიზნების შესაბამისად. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორობის 10 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას და 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტების, პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განსაზღვრის აუცილებლობას.
 
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის საკითხებში გენერალური დირექტორი  არჩილ ყარაულაშვილი. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.
 
შეხვედრაზე ქართული მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის პროცესში, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. კერძოდ, აღინიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, დინამიურად მზარდი ვაჭრობა ევროკავშირთან, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, მათ შორის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელის ფარგლებში, განათლების სფეროს რეფორმის მნიშვნელობა, თბილისში გახსნილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის წარმატებული ფუნქციონირება და სხვა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა ისაუბრა ასევე მთავრობის მიერ  შემუშავებულ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ პრიორიტეტებს ქვეყნის ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოებისთვის.
 
არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ქართული მხარის ხედვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის 2020 წლის შემდგომ პრიორიტეტებზე. ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა დიფერენციაციისა და მეტი-მეტისათვის პრინციპების მნიშვნელობას, რაც აძლევს თითოეულ პარტნიორს იმის საშუალებას, რომ ევროკავშირთან განავითარონ მათი ინტერესებისა და ამბიციების შესაბამისი ურთიერთობები.     
 
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტით „20 შედეგი 2020 წლისთვის“ გათვალისწინებულ კონკრეტულ გეგმებსა და ინიციატივებზე ხელშესახები პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას, ასევე 2020 წლის შემდგომი მიზნების განსაზღვრისთვის კონსულტაციების დროულად დაწყების საჭიროებას.