ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

28.03.2019 ბელგია- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბელგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
 
დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მისიები აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ ქართულ დიასპორასთან. მინისტრმა ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენლებისთვის შემუშავებული ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სახელმწიფო სერვისებისა და ინფორმაციის მიმწოდებელი ვებ-პლატფორმის მნიშვნელობას, ასევე „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების გამოცემას და სკოლებისთვის მათ უსასყიდლო გადაცემას.
 
დავით ზალკალიანმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ნატოში თავისი ვიზიტის შესახებ და ისაუბრა ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე. 
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბელგიაში მოქმედი თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ეკლესიების მნიშვნელოვან როლს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის და ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობას ქართულ დიასპორასთან კავშირების განმტკიცების და მათი დახმარების უზრუნველსაყოფად. ასევე დადებითი შეფასება მიეცა ქართული ეკლესიის როლს საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში, რომლის მაგალითად მოყვანილი იქნა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.