ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს ქ. ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო ქართული და უნგრული კომპანიების 100–ზე მეტმა წარმომადგენელმა შემდეგი სექტორებიდან: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოგისტიკა, მშენებლობა, იურიდიული და საბანკო მომსახურება. ფორუმის დამთავრების შემდეგ დაინტერესებულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები (B2B) გაიმართა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

აღნიშნული ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. კერძოდ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ევროპულ ბაზარზე პოტენციური პარტნიორების მოძიებასა და საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით, უნგრეთის დედაქალაქში ქართული ბიზნეს დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა გასვლითი ვიზიტები ადგილობრივ წარმატებულ საწარმოებში.

აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს პროექტის ნაწილს, რომელიც გულისხმობს ვიშეგრადის ოთხეულის V4 წევრ ქვეყნებში (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი) ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების ხელშეწყობასა და განვითარებას.