ბუენოს-აირესში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

30.05.2019 ბუენოს-აირესი - არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ბუენოს-აირესში, სასტუმრო Four Season-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

ღონისძიებას ორასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის არგენტინის ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ქართული სათვისტომო და საელჩოს სხვა მეგობრები. ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი არგენტინის ფედერალური პოლიციის სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა.

საზოაგდოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, სადაც არგენტინასთან და საელჩოს დაფარვის ქვეყნებთან ორხრივი პოზიტიური დინამიკა შეაჯამა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და არგენტინელი სომელიეს მონაწილეობით გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალსახეობას. ღონისძიებაზე გამოიფინა საგანგებოდ ამ დღისთვის, საქართველოში მცხოვრები არგენტინელი ფოტოგრაფის, პაბლო ფერარის მიერ გადაღებული საქართველოს ამსახველი ფოტომასალა და არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, გოჩა შათირიშვილის მიერ შექმნილი ნამუშევარი, რომელიც არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს მიეძღვნა.