საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად სოფიაში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა

23.05.2017, სოფია - ქ.  სოფიის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ, საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნად გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ღირსშესანიშნაობები და კულტურული  ძეგლები. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბერიძემ. ბულგარეთის მხრიდან სიტყვით გამოვიდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი განჩო განევი. 

გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ბულგარეთის პარლამენტის, მთავრობისა და ქ. სოფიის მერიის წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. 

გამოფენამ დამსწრეთა დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. ქ. სოფიის მკვიდრთ და სტუმრებს აღნიშნული გამოფენის ნახვის და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ.

დიდი ინტერესის გამო, საელჩოს მიერ საქართველოს შესახებ ფოტო გამოფენის გამართვა ივნისის თვეში იგეგმება საკურორტო ქალაქ სოზოპოლში. 25 წლისთავის ეგიდით, ივნისში, ბულგარეთში, აგრეთვე გაიმართება ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ ტურნე, ხოლო ახლო მომავალში, საელჩოს ორგანიზებით, ბულგარულ ენაზე გამოიცემა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“.