ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

17.02.2018 ქ. მიუნხენი - ​გერმანია მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კარგი საშუალებაა კავშირების კიდევ უფრო გამყარებისთვის - ამის შესახებ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხელ ჯანელიძესთან მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრის დროს განაცხადა. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გერმანიის ბუნდესტაგში და გერმანია დაინტერესებულია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებით.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლით აღინიშნა. ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.  ხაზი გაესვა წარმატებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას და გამოითქვა მზადყოფნა გერმანიის ბუნდესტაგში არჩევნების შემდგომ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში ცალკეული ღონისძიებების გამართვის თაობაზე.

მაღალი შეფასება მიეცა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილოებას, რაც უნიკალური შესაძლებლობაა ქართული კულტურის წარმოჩენისთვის არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მრავალმილიონიან საერთაშორისო აუდიტორიაში.