ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2019 წლის 6 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა პეტერ მიკისკამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა მიულოცა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ მ/წლის ივლისში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტომაშ პეტრჟიჩეკის საქართველოში დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტს და ასევე მის მონაწილეობას „ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში“.

განხილულ იქნა საქართველოს პროგრესი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში. პეტერ მიკისკას თქმით, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის და რეფორმების გატარების კუთხით და იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მან ასევე დააფიქსირა ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრის ბოლოს, ჩეხეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი როგორც საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა შესაძლო მიმართულებით.