ჩინეთის საელჩომ პარალიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა

01.02.2019 ქ. თბილისი - საჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩმა პირადად გადასცა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შალვა მაისურაძეს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა.
 

ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრები და პარასპორტსმენები.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თავის კომენტარში აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია  და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საჩუქარი მიიღო პარაოლიმპიურმა მოძრაობამ, პარაოლიმპიურმა საზოგადოებამ. ჩინეთის მთავრობის მხრიდან ეს არის ჩინელი ხალხის საჩუქარი ქართველი პარაოლიმპიელებისთვის, რომელიც ვფიქრობ,  ძალიან გამოადგებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში , ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ ვარჯიშში და უფრო მეტი წარმატებების მომტანი იქნება ეს ყველაფერი. ზოგადად ესეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთვლით, რომ ამ ხალხს დიდი დახმარება სჭირდებათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სულისკვეთების და განსაკუთრებული მონდომების, სამაგალითო ადამიანები არიან, რომლებსაც უნდა მიბაძოს ბევრმა ადამიანმა. ამ კონკრეტული ადამიანების გვერდში დგომა , მათი შეზღუდული უნარებიდან გამომდინარე , არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ესეთი ღონისძიებები უფრო მეტი იქნება და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს ამ სულისკვეთებას, რომ მათ გვერდში დგომა სჭირდებათ და უფრო მეტი ადამიანი ჩაებმება ამ კამპანიაში. კიდევ უფრო მეტ საჩუქარს და მეტ დახმარებას მიიღებენ ჩვენი პარაოლიმპიელები. „-განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
 
ჩინური კომპანია ‘JAC Motors’ - ის მიერ წარმოებული ადაპტირებული მიკროავტობუსი პარასპორტსმენებს დღეიდან მოემსახურება და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
 
ბოლო წლებში, ქართული პარასპორტი საგრძნობლად განვითარდა. 2016 წელს პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2018 წელი. გასულ წელს, პარასპორსტმენებმა საერთაშორისო ტურნირებზე 22 მედალი - 8 ოქრო, 3 ვერცხლი და 11 ბრინჯაო მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი ზვიად გოგოჭური გახდა, ხოლო ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა 5 მსოფლიო თასი მოიგო. გარდა ამისა, ძლიერთა თამაშების გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელთა ნაკრები.