ჩინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა

30.05.2018 ქ.პეკინი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით აფციაურმა. მან აღნიშნა, საქართველოს ისტორიული განვითარებისათვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის მნიშვნელობა, ელჩის განცხადებით, “საქართველო მტკიცედ ატარებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმების კურსს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ინტეგრაციის საფუძველზე“. ასევე, ხაზი გაუსვა, საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო წლებში თანამშრომლობის გააქტიურებას, ამ მხრივ პოზიტიურ დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს. ელჩმა ჩინეთში მისი საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, მადლობა გადაუხადა ჩინელ პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს საელჩოს შემადგენლობას, ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

საზოგადოებას ასევე მიმართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჭანგ ჰანჰუეიმ. მან განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა “სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური პროექტების დაწყების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, ხაზი გაუსვა იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია ორივე სახელმწიფოს, სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. აღნიშნა, საქართველოს ელჩის მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით.
ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

მიღების ფარგლებში,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საელჩოს მიერ ორგანიზებული იქნა ფოტო - გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ასლები.